სამეცნიერო კონფერენცია - „კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული იდენტობა და უნივერსალური ღირებულებები"
 27/05/2026

27 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სამეცნიერო კონფერენციას „კონსტანტინე გამსახურდია: ეროვნული იდენტობა და უნივერსალური  ღირებულებები“ უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში წიგნის „კონსტანტინე გამსახურდია (1893-1975)“ - ბიბლიოგრაფია“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი 2025 წელს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გამოსცა. მისი შემდგენელია ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების უფროსი მაია მიქაბერიძე, ხოლო რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სოსო სიგუა.

წიგნში შესულია კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებთა ნუსხა: რომანები, მოთხრობები, ლექსები, თარგმანები, ლიტერატურული წერილები, ესეები; მათ შორისაა ასევე ადრეულ პერიოდიკაში (დამოუკიდებლობამდე, ასევე დამოუკიდებლობის და შემდგომ პერიოდებში) გამოქვეყნებული მეთაური წერილები, რეცენზიები, გამოხმაურებები, ლიტერატურული და პოლიტიკური შინაარსის პუბლიცისტური ტექსტები. გარდა ქართულად გამოსული წიგნებისა და პუბლიკაციებისა, აქ გვხვდება სხვა ენებზე გამოსული მისი თხზულებების ჩამონათვალი.

კონფერენციაზე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ წიგნი წარადგინა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:

„დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ ერთი წიგნის წარდგენა არ არის. ეს არის შეხვედრა ეპოქასთან, შეხვედრა სახელთან, რომელმაც ქართული ლიტერატურა არა მხოლოდ გაამდიდრა, არამედ მას განსაკუთრებული ევროპული მასშტაბი და ინტელექტუალური სიღრმე შესძინა. კონსტანტინე გამსახურდია ქართული მწერლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისი შემოქმედება აერთიანებს ეროვნულ სულს, ისტორიულ მეხსიერებას, ფილოსოფიურ აზროვნებასა და მაღალ ესთეტიკას“.

კონფერენციაზე, მისასალმებელი სიტყვით, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილიც გამოვიდა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი.